შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების დახმარება დასაქმებაში

საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობისათვის ახალი სერვისის განვითარებას იწყებენ. ახალი ინიციატივის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების დახმარება დასაქმებაში.

უახლოეს ხანებში სოციალური მომსახურების სააგენტო დააკომპლექტებს მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფს, რომლის უშუალო ფუნქცია იქნება, ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების გააქტიურებას შრომის ბაზარზე. კონსულტანტები დაეხმარებიან შშმ პირებს განსაზღვრონ საკუთარი შესაძლებლობები, შემდეგ ამ შესაძლებლობების გათვალისწინებით მოიძიონ დამსაქმებელი, მოამზადონ შშმ პირები დამსაქმებელთან ეფექტური კომუნიკაციისათვის და ხელი შეუწყონ ამ პირების სრულ ადაპტაციას სამუშაო გარემოში.

ზემოაღნიშნული მომსახურება მალე ხელმისაწვდომი იქნება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. ამ ეტაპზე, სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ევროპელი ექსპერტების დახმარებით მუშაობს დასაქმების ხელშეწყობის კონსულტანტთა შერჩევაზე და მათ მომზადებაზე. შერჩეული კადრები კვალიფიკაციას აიმაღლებენ შესაბამისი გამოცდილების მქონე ევროპულ ქვეყნებში.