მირზა გელოვანის სახლ - მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდა მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი რეაბილიტაცია. ამ დროისათვის სამუშაოები დამთავრებულია და სახლ-მუზეუმი სრულად არის რეაბილიტირებული. 

თიანეთის მუნიციპალიტეტში, XX საუკუნის ქართველი პოეტის მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი 1983 წლიდან ფუნქციონირებს. ორსართულიანი ნაგებობა მთავარი ფასადისაკენ ფართო ჭვირული აივნით იხსნება. საშენ მასალად გამოყენებული ქვისა და კონსტრუქციულ ნაწილებში წარმოდგენილი აგურის გვერდით, ნაგებობის საერთო კომპოზიციაში სიმსუბუქე აივნის ჭვირულ დამუშავებას შემოაქვს. 

ბოლო დროს ნაგებობაზე მნიშვნელოვანი დაზიანებები შეინიშნებოდა. სახლის ერთი კუთხე, საძირკველის ჯდომის გამო, ძლიერ იყო დეფორმირებული. დაზიანებული იყო გადახურვა. ნაგებობაში წყლის ჩადინება კედლის დახეთქვასა და საპირე მოპირკეთების დაშლას იწვევდა. დაზიანებული იყო ხის ყველა ელემენტი, მათ შორის სართულშუა გადახურვაც.