რუსთავი 2: ლაგოდეხის მთებში დაკარგულები ცოცხლები არიან

ლაგოდეხის მთები

ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში ახალ წლამდე მთებში სალაშქროდ წასული და დაკარგული 3 ახალგაზრდა ცოცხალია და დაღესტანში იმყოფება. ინფორმაციას რუსთავი 2 ლაგოდეხის გამგებლის, კახა ჯამბურიას, განცხადების საფუძველზე ავრცელებს. 

კახა ჯამბურიას თქმით, ახალგაზრდები დაღესტანში სავარაუდოდ საზღვრის გადაკვეთის გამო დააკავეს. "ისინი არიან დაღესტანში დაკავებულები, სამივე ცოცხალია. სავარაუდოდ საზღვრის გადაკვეთის გამო დააკავეს. დაბრუნებაში ჩაერთვება ის სტრუქტურები ვისაც ეხება, საგარეო საქმეთა სამინისტრო. მე ველაპარაკე გუბერნატორს რომელმაც მითხრა, რომ დადასტურდა ეს ინფორმაცია და მას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ჰქონდა კონტაქტი და სამივე პიროვნება ამოცნობილია".

განახლება: Goodnews დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს და პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან მოლაპარაკების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს. ისინი ლაგოდეხის მთებში დაკარგული ახალგაზრდების დაღესტანში მყოფ პირებთან იდენტიფიცირებას ჯერჯერობით არ ადასტურებენ. მათი ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები და სამძებრო სამუშაოები ლაგოდეხის მთებში კვლავ მიმდინარეობს.

ახალგაზრდები სალაშქროდ ახალ წლამდე წავიდნენ და მათთან დაკავშირება 30 დეკემბრის შემდეგ ვერ ხერხდებოდა. სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივებთან ერთად შსს-ს ვერტმფრენებიც იყვნენ ჩართულნი, თუმცა უამინდობა სამუშაოების შესრულებას პრობლემას უქმნიდა.