თბილისში Hard Rock Cafe-ის გახსნის დრო და ადგილი ცნობილია

Hard Rock Cafe ბუფალოში. მიჩიგანის შტატი, აშშ. 

Hard Rock Cafe პოპულარული ბრენდია, რომელიც პირველად ამერიკელებმა გახსნეს ლონდონში 1971 წელს. კაფე უნიკალურია თავისი ინტერიერით. განსაკუთრებული დიზაინი კედლებზე გამოფენილ ყველა იმ ნივთს გულისხმობს, რომელიც როკ მუსიკასთან არის დაკავშირებული. მოგვიანებით კაფეს ქსელი პოპულარული გახდა მუსიკალური რელიკვიებით, ცნობილი მუსიკოსების ინსტრუმენტებით და სუვენირებით.

2016 წლის გაზაფხულზე Hard Rock Cafe თბილისშიც დაიდებს ბინას. კაფის პროექტების მენეჯერის ლევან კარალაშვილის თქმით, ბრენდის თბილისში შემოსასვლელად მოლაპარაკებები 2 წელი გრძელდებოდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს კაფესთვის თანამშრომლების აყვანა და მათი გადამზადება. 

Georgia Today-ის ინფორმაციით, Hard Rock Cafe ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩაზე #1-ში მაისში გაიხსნება. 260 ადგილზე განკუთვნილი კაფე რესტავრირებულ ღვინის სახლში ორ სართულზე, 1,300 მ2 ფართობზე, განთავსდება. ცოცხალ მუსიკასთან ერთად, სტუმრები ისიამოვნებენ კაფის ექსკლუზიური კერძებით, მათ შორის ცნობილი ბურგერებით და სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი სასმელებით. კაფეში იქნება მაღაზია, სადაც მუსიკალური სუვენირები გაიყიდება.

ლევან კარალაშვილის თქმით, ფასები ადგილობრივ ბაზართან შესაბამისი იქნება. Hard Rock Cafe თბილისში ზაზა შენგელიას, გოგა კალანდაძის და TBC ჰოლდინგის მხარდაჭერით შემოდის.

თბილისში კაფეს შემოსვლის შესახებ ჯერ კიდევ 2015 წლის ივნისში წერდა ყაზახური გამომცემლობა Astana Times. "მომავალ წელს თბილისში და ბაქოშიც ვიქნებით" - ამბობდა Hard Rock Cafe-ის ქსელის ვიცე-პრეზიდენტი ანტონიო ბაუტისტა.

1982 წელს Hard Rock Cafe გაიხსნა ტორონტოში, ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოში, ჩიკაგოში, პარიზში და ბერლინში. აშშ-ის ისეთ ქალაქებში როგორიცაა ნიუ-იორკი და ვაშინგტონი, ბრენდი მოგვიანებით გამოჩნდა. ამჟამად Hard Rock Cafe-ს 59 ქვეყანაში 198 კაფე აქვს გახსნილი.

წყარო: Georgia Today.