Netflix ახლა უკვე საქართველოდანაცაა ხელმისაწვდომი

ვიდეო-სტრიმინგის ამერიკული კომპანია Netflix გლობალურ ბაზარზე გავიდა და საკუთარი სერვისი დამატებით 130 ქვეყნის მომხმარებლისთვის ჩართო. ახალ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.

საქართველოს ტერიტორიიდან სერვისი უკვე ხელმისაწვდომია და მისი შეძენა სტანდარტული პლასტიკური ბარათით ან Paypal-ით არის შესაძლებელი. საწყისი პაკეტის ღირებულება თვეში 7.99 ევროა (~20 ლარი), რომელიც ერთ მოწყობილობაზე სტანდარტული გარჩევადობით სტრიმინგს გულისხმობს. HD-ვიდეოს ორ მოწყობილობაზე, ერთდროული ყურება კი, თვეში 9.99 ევრო ღირს.

სერვისით სარგებლობის დაწყება უფასოდ არის შესაძლებელი. 1-თვიანი საცდელი (trial) პერიოდისთვის მხოლოდ პლასტიკური ბარათის მონაცემების მითითებაა საჭირო და გაუქმება ნებისმიერ დროს შეიძლება. დაწყებიდან 30 დღეში კი საიტი შემდეგი თვის საფასურს ჩამოჭრის.

Netflix პრემიუმ ვიდეო კონტენტის დისტრიბუტორი და მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. დღემდე იგი მხოლოდ აშშ-სა და რამდენიმე ქვეყანაში იყო ხელმისაწვდომი, საქართველოდან კი სერვისით სარგებლობა შეუძლებელი იყო.

Netflix-ის ბიბლიოთეკა მოიცავს ასობით კინოს და ტელეშოუს, რომელთა სია მუდმივად ცვალებადია. გარდა სხვა კომპანიების ვიდეო-პროდუქციის დისტრიბუციისა, Netflix-მა რამდენიმე წელია დაიწყო საკუთარი ვიდეო-წარმოებაც, რომლის შოუებმაც მნიშვნელოვანი აღიარება და მრავალი ჯილდო მოიპოვა. მათ შორისაა სერიალები Orange Is The New Black, Narcos, House of Cards, Marvel's Daredevil და სხვა.

გარდა კომპიუტერში ვებ-ბრაუზერით ყურებისა, Netflix ხელმისაწვდომია თითქმის ყველა გავრცელებულ მოწყობილობასა და პლატფორმაზე. სერვისის აპლიკაციები არსებობს სმარტფონებისთვის, Smart TV-ების უმეტესობაზე, სათამაშო კონსოლებზე Xbox, Playstation და ტელევიზორის STB მოწყობილობებზე Apple TV, Android TV, Google Chromecast.

ეს სერვისი რიგით მეორეა, სადაც ქართველ ინტერნეტ-მომხმარებელს ფილმების და სერიალების ყურება ლეგალური გზით შეუძლია. პირველი იყო 2015 წელს გაშვებული Silkmovies.ge, რომელიც სილქნეტის და რუსული MeGoGo-ს თანამშრომლობის შედეგია, თუმცა ამ სერვისის ბიბლიოთეკის ძირითადი ნაწილი რუსულ კინო და ტელეპროდუქციაზე მოდის.