ქართველ მეცნიერს ეპილეფსიის კვლევის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის "Michael Prize" გადაეცა

ქართველი მეცნიერებათა დოქტორი თამარ პაზი (პაზიაშვილი) ეპილეფსიის კვლევის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის Michael Prize-ით დააჯილდოვეს. Michael Prize ეპილეფსიის შესწავლის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გადაეცემათ მეცნიერებს. თამარ პაზიაშივილს ჯილდო სექტემბერში, ეპილეფსიის საერთაშირისო კონგრესზე სტამბულში გადაეცემა.

„ძალიან მიხარია ამ პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მიღება. დიდი ბედნიერებაა, როცა ნაშრომი გიფასდება. ეს მუშაობის გაგრძელების მოტივაციას და იმის რწმენას იძლევა, რომ სასარგებლო საქმეს აკეთებ.“ ამბობს მეცნიერებათა დოქტორი. „ჩემი კოლეგები, რომლებმაც ეს ჯილდო მიიღეს ეპილეფსიის კვლევის სფეროში და ზოგადად ნეირო-მეცნიერებებში, უბრწყინვალესი მკვლევრები არიან. შესაბამისად, ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება.“

თამარ პაზიაშვილს ჯილდო გადაეცა აღმოჩენისთვის, რომლის საშუალებით, მღრღნელებს ოპტოგენეტიკის დახმარებით ეპილეფსიური კრუნჩხვები დაწყებისთანავე უწყდებათ. ეს ხერხი მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ტვინის გარკვეული უჯრედები სინათლის საშუალებით გაააქტიურონ ან „გამორთონ.“ ქართველმა მეცნიერმა აღმოაჩინა ნეირონების წრედი, რომელსაც კრუნჩხვების შეჩერება შეუძლია.

გლედსტოუნის უნივერსიტეტის ნეირონული დარღვევების შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელი ლენარტ მაკი ამბობს, რომ უნივერსიტეტი ძალიან ამაყობს მისი მიღწევით.

თამარ პაზიაშვილი 1980 წელს თბილისში დაიბადა. მოგვიანებით საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, სადაც ვოლტერის სახელობის ლიცეუმი დაამთავრა 2 წლით ადრე, როგორც გამორჩეულად ნიჭიერმა მოსწავლემ. უმაღლესი განათლება პარიზის მარი და პიერ კიურის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო და დისერტაცია კოლეჯ დე ფრანსში დაიცვა. 2007 წელს აშშ-ში გაემგზავრა, სადაც სტანფორდის უნივერსიტეტში პოსტ დოკტორანტის პოზიცია დაიკავა. მოგვიანებით კი სან ფრანცისკოს და სტანფორდის უნივერსიტეტების ასისტენტ-პროფესორი გახდა. ამჟამად თამარი გლედსტოუნის ინსტიტუტის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს. ლაბორატორია მის სახელს ატარებს  – პაზ ლაბ.