თბილისის მერია მიუსაფარ მოქალაქეებს თავშესაფარს სთავაზობს

თბილისის მერიის ინფორმაციით,  2015 წლის დეკემბრიდან ლილოს დასახლებაში  ფუნქციონირებს ახლად აშენებული თავშესაფარი, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მომსახურების საშუალება აქვს. ბენეფიციარები 24-საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა და პირველად მედიკამენტებს, მათ ემსახურება 5 სოციალური მუშაკი, ასევე, საჭიროების მიხედვით ფსიქოლოგი. შენობას აქვს უსაფრთხოების სამსახური.

თავშესაფარში ცალ-ცალკე ოთახებია გამოყოფილი ქალებისთვის და მამაკაცებისთვის. თითო ოთახში ათი ბენეფიციარია განთავსებული, სადაც მათთვის ხუთი 2 სართულიანი საწოლი დგას. მათთვის გათვალისწინებულია პირადი მოხმარების ნივთები და ჰიგიენური საშუალებები. თავშესაფარი აღჭურვილია სასადილო, სააბაზანო, სამრეცხაო და საშრობი ბლოკებით. ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან ორჯერადი სრულფასოვანი კვებით, დღიური კალორაჟით 2 800 კკალორია. აღნიშნული თავშესაფრის მშენებლობა 2015 წლის ზაფხულში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა. მისი მშენებლობა 1 600 000 ლარი დაჯდა.

"მიუსაფარი მოქალაქეები თავშესაფარში მათივე მომართვის საფუძველზე, ან პატრულის დახმარებით ხვდებიან. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ მათი ნების საწინააღმდეგოდ თავშესაფარში მიუსაფართა გადაყვანა დაუშვებელია. თუმცა, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, თბილისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს, თავშესაფრის დროებითი მომსახურება შესთავაზოს თითოეულ მიუსაფარ მოქალაქეს, რომელთა სიცოცხლესაც შესაძლოა შეექმნას საფრთხე", - აცხადებს დედაქალაქის მერია.

2016 წლის 1 იანვარს თავშესაფარმა რამდენიმე ბენეფიციარი მიიღო, გარდა ამისა, როგორც მერია აცხადებს, თავშესაფარში გადასვლაზე უარი განაცხადა სამმა ადამიანმა.

აღნიშნული თავშესაფრის აშენებამდე თბილისში, მოსკოვის გამზირზე, მიუსაფარი მოსახლეობისთვის ფუნქციონირებდა ე.წ. კარვების ქალაქი.