რუს ძალოსანს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოერთმევა და მას ქართველ სპორტსმენს გადასცემენ

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ჰიუსტონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მძიმეწონოსან რუს სპორტსმენს ალეკსეი ლოვჩევს, რომელიც 475 კილოთი (ატაცი 211+აკვრა 264) მსოფლიო ჩემპოიონი გახდა, ოქროს მედალი და ტიტული ჩამოერთვა.

რუსი სპორტსმენი დოპინგზე ჩავარდა და შესაბამისად, ოქროს მედალი საქართველოს ნაკრების წევრს - ლაშა ტალახაძეს გადაეცემა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მე-2 ადგილი დაიკავა.

ამგვარად, ქართველი ძალოსანი მსოფლიოს ჩემპიონია! მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე ჰიუსტონში ვიცე-ჩემპიონი გახდა - ჯამში 454 კილო (ატაცი 207+აკვრა 247) დაძლია და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ლოვჩევის სისხლში აკრძალული პრეპარატი იპამორელინი აღმოჩნდა, რის გამოც მას ნებისმიერი რანგის შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აუკრძალეს. ძალოსნობაში ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი ბოლოს ნაკრების მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე იყო, რომელიც ჩემპიონის ტიტულს 2001 წელს დაეუფლა.

ჰიუსტონში ჩატარებული ჩემპიონატი დოპინგის კუთხით "განსაკუთრებული" აღმოჩნდა და სინჯების შედეგად, დოპინგი 16 სპორტსმენს აღმოუჩინეს. აკრძალული პრეპარატების მიღება, ლოვჩევის გარდა, რუსეთის, ჩინეთის, მოლდოვას, ყაზახეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის და საბერძნეთის ნაკრების ძალოსანებს დაუმტკიცდათ.