პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შეძენილ იქნა ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი, რომლის მიხედვითაც პირველ ეტაპზე განხორციელდა ციხის სამხრეთ-დასავლეთ უბნის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 99 000 ლარს.

პირველად ციხის შესწავლა 1930-იან წლებში დაიწყო, 1934 წელს ს.ჯანაშიამ სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარა ციხეზე და გამოვლინდა ტაძრის ნაშთი. ფართო მასშტაბის არქეოლოგიური გათხრები კი დაიწყო 1960-იანი წლების დასაწყისში ივანე ჯავახიშვილის სახ.ინსტიტუტისა და ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივი ექსპედიციის ძალებით, ამ გათხრების შედეგად გამოვლინდა სამხრეთის კოშკი, სამხრ.კარიბჭე, სამნავიანი ბაზილიკა, აღმ.კარიბჭე და აბანო. 

ციხე–ქალაქი პეტრა ადრეფეოდალური კულტურის ერთ–ერთი უბრწყინვალესი ძეგლია, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება. ეს ტერიტორია ისტორიულად ერთ-ერთი ქართველური ტომის- ლაზების სამოსახლო იყო. უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ აქ ქალაქი გააშენა. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სახმელეთო გზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა დასავლეთ საქართველოს, ბიზანტიის პროვინციებს, ირანს და სომხეთს. შუა საუკუნეებისათვის პეტრას ციხე იმდენად მიუდგომელი გახდა, რომ მას ქაჯეთის ციხე უწოდეს.

სააგენტოს დირექტორის განმარტებით, 2016 წლისათვის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შეძენილ იქნება ციხესიმაგრის კეთილმოწყობის პროექტი, რომლის მიხედვითაც მუზემ-ნაკრძალში გაკეთდება მისასვლელი გზები, ბილიკები, საექსპოზიციო ნაგებობები, ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები და აჭარის რეგიონს შეემატება კიდევ ერთი ტურისტებისთვის მიმზიდველი და საინტერესო ადგილი.