ქალაქმა ჯარისკაცს სამი ამპუტირებული კიდურით საოცნებო ქორწილი აჩუქა

ტემეკულას (კალიფორნიის შტატი) მოსახლეობამ საზღვაო ძალების კაპრალს, ხუანს დომინგესს და მის საცოლეს ქორწილის ორგანიზებისთვის 30 ათასი დოლარი შეუგროვა.

დომინგესმა მარჯვენა მკლავი და ორივე ფეხი 2010 წელს ავღანეთში სამხედრო სამსახურის მოხდის დროს დაკარგა. მან აფეთქების შემდეგ 24 ოპერაცია გადაიტანა. ამბობს, რომ ამ შემთხვევის შემდეგ ფეხზე პირველად სწორედ თავის ქორწილში დადგა ხელოვნური კიდურების საშუალებით.

ჯარისკაცი ამბობს, რომ აფეთქების შემდეგ მის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა: "შეიძლება ოდნავ დავმოკლდი, მაგრამ ჩემი გონება და გული იგივე დარჩა."

ახალგაზრდა წყვილისთვის საქორწინო წვეულების, ვახშმის, გასართობი პროგრამის, ფოტოგადაღების, ყვავილების, საქორწინო ტორტისა თუ პატარძლის მაკიაჟისთვის საჭირო თანხა ადგილობრივმა კომპანიებმა გადაიხადეს.

"ყველა გოგონა ოცნებობს იდეალურ ქორწილზე. დღეს ჩემი საოცნებო ქორწილის დღეა, რადგან ჩემი ოცნების მამაკაცს მივყვები ცოლად," ამბობს პატარძალი.