25 დეკემბერს საახალწლო ქალაქი იხსნება

25 დეკემბრიდან 3 იანვრამდე საახალწლო ქალაქი გიმასპინძლებთ. საახალწლო ქალაქის სტუმრებს, საშუალება ექნებათ, საგანგებოდ მოწყობილ და მორთულ სახლებში, დააგემოვნონ გლინტვეინი, კრეპები, ორცხობილები, „ბელგიური ვაფლი“ და სხვა საახალწლო ნუგბარი; შეიძინონ სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები. საახალწლო ქალაქში, ყოველდღიურად სხვადასხვა ჟანრის კონცერტები და DJ-ების ფესტივალი გაიმართება. საახალწლო ქალაქში მოძრაობისა და პანტომიმის თეატრის მსახიობები პერფორმანსებს, მსვლელობებსა და კარნავალებს მოაწყობენ.

გარდა კულტურული ღონისძიებისა საახალწლო ქალაქი დატვირთული იქნება სპორტული და საბავშვო ატივობებით. ქალაქში დამონტაჟებულ ყინულის მოედანზე ყოველდღიურად გაიმართება მოციგურავეების შოუები და სპორტული შეჯიბრებები. მსურველებს საშუალება ექნებათ თვალყური ადევნონ ქუჩის კალათბურთის მატჩებს, სხვადასხვა შოუებს ბატუტზე და პარკურს. ქალაქის მცირეწლოვანი სტუმრებისთვის კონცერტებს „ბასტი-ბუბუსა“ და „ბზიკების“ სტუდიის ბავშვები გამართავენ. მოეწყობა თოჯინური თეატრების წარმოდგენები და ფოტო გადაღების კუთხეები. ბავშვების განწყობაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირები იზრუნებენ. საახალწლო ქალაქში დროში მოგზაური სანტა იცხოვრებს. მოეწყობა პლანეტარიუმი, სადაც პატარა გამომგონებლების ნამუშევრები გამოიფინება. 10 დღის განმავლობაში საახალწლო ქალაქი ყველა ასაკის სტუმარს უმასპინძლებს.