„თბილისის მიკროავტობუსი": სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა არ გაძვირდება

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური არ გაძვირდება.

ტარიფის სავარაუდო გაძვირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ქართულმა მედია საშუალებებმა გუშინ გაავრცელეს.

კომპანია „თბილისის მოკროავტობუსი“ ითვალისწინებს მოსახლეობის რთულ სოციალურ მდგომარეობას და უარს ამბობს სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის გაძვირებაზე.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით კომპანია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა დოლარში აღებული საბანკო ვალდებულების გამო. თუმცა მგზავრობის საფასურის გაზრდის ნაცვლად ,,თბილისის მიკროავტობუსმა’’ მიიღო გადაწყვეტილება, რამდენიმე ხაზის მიკროავტობუსის მძღოლების ყოველდღიური მოსაკრებლის 3 ლარით გაზრდის შესახებ.

საწვავის გაიაფებასთან დაკავშირებით მძღოლების ყოველდღიური ხელფასი საშუალოდ 15 ლარით გაიზარდა. კომპანიის გადაწყვეტილებით ამ დანაზოგიდან სამი ლარის კომპანიისთვის გადახდა ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს ტარიფის გაზრდის ასაცილებლად და კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად.