თბილისის მერია „ახალ მზიურს" მხარს უჭერს

თბილისის მერია მხარს უჭერს პროექტს - „ახალი მზიური", რომელიც ორგანიზაცია „მზიანის" ინიციატივით დაიწყო. სწორედ ამიტომ თბილისის მერიამ მზიურში მდებარე ამფითეატრი და კაფის შენობა ორგანიზაცია „მზიანს" სარგებლობის უფლებით გადასცა. მერიის წარმომადგენლების განცხადებით, თბილისის მერია კაფის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასაც უზრუნველყოფს.

პროექტი „ახალი მზიური“ - ითვალისწინებს მზიურის ტერიტორიაზე სოციალური კაფის და ამფითეატრის ამოქმედებას. 
პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მოეწყობა პანდუსები და მოაჯირები. უსინათლოთათვის გაკეთდება სანიშნეები, მენიუსა და საინფორმაციო ბუკლეტებზე გამოყენებული იქნება ბრაილის შრიფტი. სმენის არ მქონე პირთათვის გაკეთდება სპეციალური ნიშნები.

რაც შეეხება ამფითეატრს, იგი საერთო სარგებლობის ობიექტად დარჩება და ორგანიზაცია „მზიანს“ ეძლევა უფლება ინვესტორის დახმარებით, ჩაატაროს მასზე სარემონტო სამუშაოები. გარემონტებულ ამფითეატრში მოეწყობა კინოჩვენებები, კონცერტები, სპექტაკლები. სეზონის მიხედვით გაიმართება შემეცნებითი ღონისძიებები. პროექტის ფარგლებში „მზიური“ ახალ სიცოცხლეს შეიძენს. 

ახალი მზიურის" იდეა „მზის ფესტივალის" დამაარსებელსა და ორგანიზატორს, ფოტოგრაფ ანა გოგუაძეს ეკუთვნის, სწორედ მან მომართა მერიას განცხადებით და მზიურში არსებული კაფისა და ამფითეატრის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემა ითხოვა.

თბილისის მერიამ ვერეს ხეობისა და პარკი მზიურის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, ტერიტორიაზე ტყე-პარკის, საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება.