ახალი კვლევის მიხედვით, ძაღლები ემოციებს ადამიანებივით შეიგრძნობენ

აშშ-ში, Emory University-ში ჩატარებულმა კვლევამ მეცნიერულად დაამტკიცა ის, რაც ძაღლების პატრონებმა აქამდე ისედაც იცოდნენ - ძაღლები ემოციებს ზუსტად ისე შეიგრძნობენ, როგორც ადამიანები. ინფორმაციას ამის შესახებ The Huffington Post ავრცელებს.

 

ნეიროეკონომიკის პროფესორი გრეგორი ბერნსი Emory University-ში მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენებით 2 წელი იკვლევდა ძაღლების ტვინს. კვლევამ გამოავლინა, რომ ძაღლების ტვინი ზუსტად იგივე მექანიზმით რეაგირებს დადებით ემოციაზე, როგორც ადამიანის ტვინი.

 

პროფესორის თქმით, დაკვირვებისას ძაღლების ტვინის ერთი ნაწილი - კუდიანი ბირთვი აქტიურდებოდა მაშინ, როცა მას ხელით აჩვენებდნენ საკვების მიცემის ჟესტს. სხვა სახის ხელის მოძრაობისას ძაღლის ტვინს მსგავსი რეაქცია არ ჰქონია. გრეგორი ბერნსის განცხადებით, ძაღლის ტვინი ზუსტად ასე აქტიურდება მაშინაც, როცა ელოდება სხვა პოზიტიური ქმედებას, მაგალითად, როცა მოულოდნელად ჩნდება პატრონი.

 

ადამიანის ტვინი სასიამოვნო ემოციაზე, მაგალითად, სიყვარულზე, სწორედ ამ მექანიზმით რეაგირებს. გრეგორი ბერნსის თქმით, ამ კვლევით არ მტკიცდება შინაური ცხოველების მიერ ადამიანთა შეყვარების უნარი, თუმცა, მიუთითებს, რომ მათ ისევე აქვთ ემოციების შეგრძნების უნარი, როგორც ადამიანებს.