ბეჰემოთი ბეგლარი TIME-ის 2015 წლის კადრების ასეულში მოხვდა

ამერიკული ყოველკვირეული ჟურნალი TIME ყოველი დეკემბრის ბოლოს გამოსცემს წლის ყველაზე შთამბეჭდავი და დამამახსოვრებელი კადრების ასეულს. კოლაჟი ასახავს მსოფლიოს მასშტაბით მომხდარ განსაკუთრებულ მოვლენებს ერთი წლის მანძილზე.

2015 წლის 100 კადრში მოხვდა, 13 ივნისის წყალდიდობის გმირი, თბილისის ზოოპარკის ბინადარი ბეჰემოთი ბეგლარი, რომელიც ქუჩაში დაბნეული დაიარებოდა. 

"ზოოპარკიდან გამოქცეული ბეჰემოთი თავისუფლად დადის თბილისის ქუჩებში 14 ივნისს. თბილისის ზოოპარკის ნაწილი წყალდიდობამ დაანგრია, რამაც უამრავ ცხოველს გალიების დატოვების საშუალება მისცა" - წერს TIME სურათის აღწერაში.

ბეგლარი 13 ივნისს დატრიალებული სტიქიური უბედურების პოზიტიური სიმბოლო და მსოფლიო პრესის ვარსკვლავი წყალდიდობის მეორე დღესვე გახდა.