სიახლე ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველისთვის

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მკითხველს გაუმჯობესებული მომსახურების სახით სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. მალე დაიწყება ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები, რომელიც 2016 წლისთვის დასრულდება.

როგორც ცნობილია, პირველი კორპუსის ავარიული მდგომარეობის გამო ამ კორპუსის საცავში დაცული რუსული ფონდი 2008 წლიდან დახურული იყო და მკითხველს ეს ლიტერატურა ნაწილობრივ ან საერთოდ არ მიეწოდებოდა. პირველი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების პერიოდში, რუსული წიგნების ფონდი, დროებით გადაინაცვლებს ეროვნული ბიბლიოთეკისთვის ახლადგადაცემულ და გარემონტებულ კორპუსში, რომელიც ქუთაისში, ნიკეას ქ. N10-ში მდებარეობს.

ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველს ამ ფონდიდან წიგნები შეუფერხებლად მიეწოდება. ლიტერატურას მკითხველი მიიღებს იმ დროში, რა დროც მოთხოვნილი წიგნების ქუთაისიდან დედაქალაქამდე ტრანსპორტირებას დაჭირდება.

ეროვნული ბიბლიოთეკა უახლოეს მომავალში კიდევ ბევრ სიახლეს გპირდებათ.