"სოკარმა" დანგრევისთვის განწირული შენობა გადაარჩინა

"ტფილისის ჰამქარი" იალბუზის ქ. #18-ში მდგარი შენობის გადასარჩენად დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა. ორგანიზაცია ცდილობდა, რომ მას ძეგლის სტატუსი მინიჭებოდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. რამდენიმე ინსტანციის გავლის შემდეგ, საბოლოოდ, შენობის გაძეგლების მოთხოვნისთვის ხელი კულტურის მინისტრს, გურამ ოდიშარიას უნდა მოეწერა, რომელმაც ბრძანებას ხელი არ მოაწერა.

სამართლებრივად ყველა პირობა არსებობდა, რომ ინვესტორს შენობა დაენგრია, მაგრამ მოხდა უპრეცენდენტო ფაქტი, ინვესტორმა ძეგლის სტატუსის გარეშეც შეინარჩუნა შენობა.

შენობის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მისი მიწაში ჩაძირული ნაწილის დაუზიანებლად ამოწევას ითვალისწინებდა. შედეგად შენობა 3,5 მეტრის სიმაღლეზე აიწია. ფაქტი უნიკალური და ერთადერთია მთელ ამიერკავკასიაში. ის განსაკუთრებულია ევროპისთვისაც, იმ კუთხით, რომ აქამდე 3,5 მეტრის სიმაღლეზე საცხოვრებელი ნაგებობის აწევა არ განხორციელებულა.