ფლორიდელი მასწავლებელი გაკვეთილს თითოეული მოსწავლის შექებით იწყებს

ჩვენს დროს სკოლებში გაკვეთილები იწყებოდა კითხვით: დღეს რა რიცხვია? ან სიის წაკითხვით. კრის ულმერის საკლასო ოთახში სასწავლო დღის პირველი 10 წუთი თითოეული მოსწავლის შექებას ეთმობა.

კრის ულმერი ფლორიდის ქალაქ ჯეკსონვილში ინკლუზიური განათლების კლასში ასწავლის. მისი განსაკუთრებული მეთოდის შესახებ ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოს შემდეგ გახდა ცნობილი.

"ბედნიერი ვარ, რომ შენ ჩემს კლასში მოხვდი", "ძალიან მხიარული ხარ!" "რა კარგი ფეხბურთელი ხარ!" "ამ კლასში შენ ყველას უყვარხარ." "როგორი ჭკვიანი ხარ" - ეუბნება ულმერი თავის მოსწავლეებს.

მასწავლებლის თქმით, ის მშობლებთან ყოველთვის ათანხმებს ვიდეოების გამოქვეყნების საკითხს. "ეს რიტუალი ჩვენს კლასში ყოველდღე ხდება და ჩვეულებრივი ამბავია. ვიდეოს დაპოსტვამდე არ მიფიქრია, რომ საზოგადოება ამ დეტალით ასე აღფრთოვანდებოდა" - აღნიშნავს ის.

ულმერმა თავისი მოსწავლეების შესახებ წიგნიც დაწერა. "მისი გამოქვეყნების შესახებ 50-მდე უარის წერილი მივიღე და მათ მაცივარში ვინახავ. უარი ჩემს მოტივაციას ვერ შეაჩერებს".

მან შექმნა გვერდი ფეისბუქზე Special Books by Special Kids, სადაც ის ყვება ბავშვებზე, რომლებსაც სპეციალური დახმარება ესაჭიროებათ. 3 წლის განმავლობაში ის ერთს და იმავე კლასს ასწავლის. "ისინი ოჯახის წევრებივით არიან. დროის განმავლობაში ჩვენ ძალიან დავმეგობრდით".

მასწავლებლის თქმით, მნიშვნელოვანია ამ ბავშვების შესახებ სოციალური მედიით მაინც გახდეს ცნობილი საზოგადოებისთვის და იგრძნონ, როგორია მისი მოსწავლეების თვალებით დანახული ცხოვრება.