ამერიკაში შიმპანზეების სამედიცინო ექსპერიმენტებში გამოყენება შეწყვიტეს

აშშ-ში ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა საბოლოოდ დაასრულა ხანგრძლივი კამათის ისტორია და შიმპანზეების ბიოსამედიცინო მიზნებით კვლევებში გამოყენება შეწყვიტა.

ინსტიტუტის დირექტორმა ფრანცის კოლინსმა ოთხშაბათს, 18 ნოემბერს, განაცხადა, რომ ფედერალური სამსახურის მიერ სამეცნიერო მიზნებისთვის აყვანილ 50 შიმპანზეს თავშესაფრებში გაგზავნიან.

"დროა გავაცნობიეროთ, რომ გამართლება არ აქვს 50 შიმპანზის ტყვეობაში ყოფნას და მათი ბიოსამედიცინო მიზნებისთვის გამოყენებას" - მისწერა კოლინსმა NIH-ის ადმინისტრაციას.

"ამერიკელებმა შიმპანზეების სამეცნიერო მიზნებში გამოყენებით უამრავი სარგებელი მიიღეს, თუმცა ტექნოლოგიების და სამეცნიერო კვლევის მეთოდების განვითარების ამ ეტაპზე, ცხოველების გამოყენება სრულიად არასაჭიროა" - აღნიშნა დირექტორმა. 

აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, "შიმპანზეები განსაკუთრებული ცხოველები არიან, ისინი ყველაზე ახლოს არიან ადამიანებთან, რადგან მათი DNA-ის 98% ადამიანისას ემთხვევა."

გადაწყვეტილება ჯერ არ შეხებია 400 სხვა შიმპანზეს, რომლებიც კერძო სამეცნიერო დაწესებულებებში ჰყავთ, თუმცა აშშ-ის "ჰუმანური საზოგადოების" ცხოველების მიმართულებით კვლევების ვიცე-პრეზიდენტმა კეტლინ ქოუნლიმ განაცხადა, რომ კამპანია მათი გასათავისუფლებლად გრძელდება.