საჯარო რეესტრმა Google Maps-ზე 200-ზე მეტი ქართული ძეგლი განათავსა

Google Maps-ზე უკვე 200-ზე მეტი ქართული ძეგლის მარტივად და სწრაფად მოძიებაა შესაძლებელი. თითოეულ მათგანს ფოტოები, სრულყოფილი, სასარგებლო ინფორმაცია და გეოგრაფიული კოორდინატებიც ახლავს თან. 

რუკის დახმარებით მომხმარებლებს სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტული ადგილის მიახლოება ან დაშორებაც (ზუმირება) შეუძლიათ.

Google Maps-ზე ქართული ძეგლების განთავსების პროექტი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2012 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო. საჯარო რეესტრის თანამშრომლები შესაბამის გეოგრაფიულ მონაცემებს აგროვებენ, საჭირო ფორმატით ამუშავებენ და Google-ს ადმინისტრაციას უგზავნიან. მონაცემებს თან ახლავს ის ინფორმაცია და ფოტომასალა, რომელსაც საჯარო რეესტრს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აწვდის. ფოტოების ნაწილი ისტორიულია, ნაწილი კი ძეგლების დღევანდელ მდგომარეობას ასახავს.

Google Maps-ზე უკვე განთავსებულია: ნიკორწმინდა, მოწამეთა, გელათის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, ბოდბის მონასტერი, გერგეტის სამება, ვარძია, უფლისციხე, უჯარმა, იყალთოს მონასტერი, გრემი, ნეკრესი, შუამთა, ყინწვისის მონასტერი და სხვ.

ცნობილი ისტორიული ძეგლები. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერვისზე - Google Maps-ზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი გავრცელებისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების კუთხით.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული დანარჩენი ძეგლების Google Maps-ზე ეტაპობრივად განთავსება კვლავაც გაგრძელდება, რაც საქართველოს უძველესი არქიტექტურისა და მისი მხატვრული ღირებულების წარმოჩენას უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

ამჟამად საჯარო რეესტრი Google maps-ის რეგიონალური ადმინისტრატორია. უკვე მეოთხე წელია იგი გეოგრაფიულ მონაცემებს აგროვებს და მუდმივად მუშაობს, რომ რუკაზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია სრულყოფილად იყოს ასახული. რუკაზე ძეგლების გარდა, სრულად არის განთავსებული ქ. თბილისის მონაცემები, შენობები, გზები, მისამართები, ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების, მთების, მწვერვალების, მდინარეებისა და ა.შ. შესახებ.