როგორ აფასებენ საქართველოს კანდიდატ ფილმს ოსკარზე უცხოური გამოცემები

უკვე ცნობილია, რომ ოსკარზე საქართველოს ლევან თუთბერიძის ფილმი "მოირა" წარადგენს, საინტერესოა რას წერენ ფილმის შესახებ უცხოური გამოცემები. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი გაგაცნოთ, თუ როგორ აფასებენ საქართველოს კანდიდატ ფილმს ოსკარზე უცხოური გამოცემები.

"The Wrap" (Thewrap.com) : "მოირა" არის ფილმი, რომელიც საშუალებას გვძლევს კიდევ ერთხელ აღმოვაჩინოთ რა შეუძლია კინოს.
ეს ფილმი პირდაპირ და უხეშად კი არ გვეუბნება სათქმელს, არამედ თანდათან შევყავართ თხრობაში გასაოცარი კინემატოგრაფიული ხელოვნებით, მასშტაბით, ძლიერებით და სილამაზით. ეს არის ამბავი ძმობასა და ოჯახურ ურთიერთობაზე, რომელიც ვითარდება საქართველოს საზღვაო პორტის მკაცრ პირობებში. ფილმი ეხება ისეთ უნივერსალურ თემებს, რომლებიც არტურ მილერის შემოქმედებას მოგვაგონებს.” - აზიური ყვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი იოკო ნარაჰაში.
ფესტივალზე ფილმმა "მოირა" მთავარი პრიზი მოიპოვა.

Filmneweurope.com : "მოირა არის შესანიშნავად მოქსოვილი მარტივი ამბავი – ქართული ფილმი მწირი საშუალებებით შექმნილი ხატოვანი ატმოსფეროთი, რომელიც დიდხანს რჩება მეხსიერებაში და მრავალ შეკითხვას ბადებს მაყურებლის გონებაში.
შესაძლოა ფილმში დასმულიყო შეკითხვა: ვართ თუ არა თავისუფლები ჩვენი ბედის არჩევაში, წყვეტს თუ არა ბერძენი ქალღმერთი მოირა ან რაიმე სხვა ღვთაება ჩვენს ბედს იმ მომენტში, როდესაც ვიბადებით, მაგრამ ფილმი არ სვამს ასეთ შეკითხვებს. ფილოსოფია ეკრანს მიღმა რჩება.
ფილმის მინიმალისტური სიუჟეტი საშუალებას გვაძლევს ამ კითხვებზე დავფიქრდეთ.
შუქ-ჩრდილების გასაოცარი თამაში, ინტერიერისა და ქუჩების კონტრასტი, სასტიკი ცხოვრება სახლის კედლებს მიღმა...
გორკა გომეს ანდრეუს საოპერატორო ნამუშევარი სტატიკურ კამერას და ხანგრძლივ კადრებს ემყარება. შესანიშნავი რეჟისორული ხედვით შექმნილ მიზანსცენებთან ერთად, ყოველივე ეს ქმნის ფილმს, რომლის ყოველი კადრიც ცალკე აღებული ნახატია.
ზოგჯერ „მოირა" ჩეხოვის პიესებს მოგვაგონებს. ერთ სცენაში პერსონაჟები სახლს ალაგებენ, რადგან სტუმრების მოსვლისთვის ემზადებიან. თითქოს ისეთი არაფერი ხდება და მაინც, ცხადად ჩანს, რომ მათი ცხოვრება უკიდურესად მძიმეა და აღსავსეა პრობლემებით.
მსახიობების შესრულება უბადლოა, პაუზების გამოყენება ზუსტი, ჟესტები მინიმალისტური და მრავლისმეტყველი, მოქმედებაში არ არის არაფერი უსარგებლო და ზედმეტი, რაც მაყურებელს ხელს შეუშლიდა პერსონაჟის განვითარების სწორ აღქმაში.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მეორეხარისხოვანი პერსონაჟები: ეს არის ფილმი, სადაც უკანა პლანზე მოსიარულე ხალხი ცოცხალია, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს და ეს ყოველივე მოკლედ, მაგრამ დამაჯერებლად აისახება ეკრანზე."