თბილისში ბიზნეს ინკუბატორი Fab Lab გაიხსნა

12 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ პროექტის მიხედვით მოწყობილი „ბიზნეს ინკუბატორი“ Fab Lab გაიხსნა.

აღნიშნული პროექტის მთავარი ამოცანა გამომგონებელთა, ინოვატორთა და დამწყებ მეწარმეთა ხელშეწყობაა. „ბიზნეს ინკუბატორი“ უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. თანამედროვე სტანდარტების დაზგა-დანადგარები მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს ინოვაციური იდეა რეალობად აქციოს და მისთვის სასურველი სატესტო პროდუქტი ან ნივთი დაამზადოს.

ბიზნეს ინკუბატორი Fab Lab მომხმარებლებს უფასოდ მოემსახურება. პროექტის ფარგლებში, შესაბამისი აპლიკაციის შევსების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება Fab Lab-ში მუშაობა და მისთვის საინტერესო პროდუქციის შექმნა, რომელიც შეიძლება იყოს: 
• ტურისტული პროდუქტების წარმოება (თბილისის სიმბოლიკა და სხვა);
• ახალი შენობების, ხიდების და სხვა მსგავსი სახის კონსტრუქციების მოდელირება და მაკეტირება;
• კულტურულ ძეგლებზე დაზიანებული კომპონენტების რესტავრირება;
• მუნიციპალური სკოლების და ბაღების შიდა ინფრასტრუქტურისთვის (ინტერიერის კომპონენტები, სათამაშოების და სხვა) მაკეტების და მოდელების შემუშავება;
• თბილისის მასშტაბით ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის დეკორაციების, მაგიდების, სტენდების და სხვა რელევანტური ინვენტარის მოდელირება;
• ახალი მონუმენტების და ძეგლების მაკეტების შემუშავება;
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინფრასტუქტურის მოსაწყობი სხვადასხვა ტიპის მაკეტების მოდელირება;
• სხვა ინოვაციური პროექტებისთვის თუ პროდუქტებისთვის მაკეტების და მოდელების შექმნა.

მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილია კიდევ ერთი, ამჯერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, Fab Lab-ის გახსნა.