დედების მუშაობა მათი ქალიშვილების მომავალზე სასარგებლოდ აისახება

ჰარვარდის პროფესორს ქეთლინ მაკგინს სწამს, რომ უამრავი დასაქმებული დედა სამსახურში წასვლისას იმაზე მეტად განიცდის დანაშაულის გრძნობას შვილის შინ დატოვების გამო, ვიდრე ეს საჭიროა.

პროფესორმა მაკგინმა აწარმოა კვლევა, რომლის შედეგებიც 2015 წლის მაისში გამოქვეყნდა. მისი მიხედვით, გოგონები, რომლების დედებიც დასაქმებულნი იყვნენ ან არიან, უფრო დიდ წარმატებას აღწევდნენ კარიერაში, ვიდრე ისინი, ვისი დედებიც სახლში რჩებოდნენ.

კვლევა 24 ქვეყნის მასშტაბით 20,000 ადამიანს შეისწავლიდა და გაირკვა, რომ ის ქალები, რომელთა დედებსაც ჰქონდათ სამსახური, წამყვან პოზიციებზე ხშირად გვევლინებიან. დედის მუშაობა მსგავს გავლენას არ ახდენს ბიჭების კარიერულ წარმატებაზე, თუმცა მათ შემთხვევაში გამოვლინდა ახალი დეტალი - ვაჟები, რომელთა დედებიც დასაქმებულნი იყვნენ, ოჯახის წევრების ზრუნვაში მეტ დროს ატარებდნენ.

"დიდი ხნის განმავლობაში გვესმოდა, რომ ჩვენი შვილებისთვის აჯობებდა, თუ სახლში დავრჩებოდით. თუმცა, ეს შესაძლოა არც ისეთი სიმართლეა, როგორიც გვეგონა. დასაქმებული დედები თავიანთ შვილებს გენდერული თანასწორობის მიმართ სწორ დამოკიდებულებას უყალიბებენ და ასევე უქმნიან მათ რწმენას, თუ რა არის "სწორი" და "ნორმალური" ქალებისთვის. ბავშვები სწავლობენ, რომ ქალის მუშაობა მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მამაკაცების როლი და ჩართულობა ოჯახში" - აღნიშნავს პროფესორი.

დასაქმებულმა დედებმა თავი ამაყად უნდა იგრძნონ, რადგან ისინი თავიანთ შვილებს ცხოვრების ისეთ მოდელს უყალიბებენ, რომელიც მათ მომავალში წარმატებაში დაეხმარება.