პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა

15-21 ოქტომბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ჩატარდა მსოფლიო თასის ერთ-ერთი ეტაპი პარაფარიკაობაში, სადაც წარმატებულად იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა ქართველმა პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა.

მსოფლიო თასზე მონაწილეობას მსოფლიოს 26 ქვეყნის გუნდი იღებდა. 

სახეობა ხმალში "ბ" კატეგორიაში ასპარეზობდა შვიდი ქვეყნის წარმომადგენელი. შესარჩევ ტურში ირმა ხეცურიანმა 6 მეტოქე დაამარცხა - საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან და გავიდა ნახევარფინალში სადაც პოლონეთის კიდევ ერთ წარმომადგენელს სძლია.

ფინალურ დაპირისპირებაში ხეცურიანი ასევე პოლონელ პატრიცია ჰარეზას დაუპირისპირდა და მეტოქე 15:9 დაამარცხა.

2015 წელს ირმა ხეცურიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე პარაოლიმპიელ მოფარიკავეთა შორის მე-2 ადგილი დაიკავა. სეზონის დასრულებამდე ქართველი პარამოფარიკავე მსოფლიო თასის კიდევ ერთ ეტაპზე გამოსვლას გეგმავს.