ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცედურები დაიწყება

საფრანგეთში, პარიზიდან 26 კილომეტრში არის ერთი ულამაზესი სოფელი ლევილ-სიურ-ორჟი, იგივე ლევილი.

ადგილი ქართველებისთვის განსაკუთრებით ძვირფასია. 1921 წელს, როდესაც რუსეთის წითელი არმია საქართველოში შემოვიდა და მაშინდელ ხელისუფლებას ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დატოვება მოუხდა. მოგვიანებით სწორედ ამ ადგილს შეაფარეს თავი ემიგრირებულმა ქართველებმა. 

1922 წელს პარიზში მყოფმა საქართველოს დევნილმა მთავრობამ საკუთარ სახელზე მაგრამ სახელმწიფოს სახსრებით ლევილში მამული შეიძინა და იქ დასახლდა. მამულის ცენტრალურ ადგილას დგას 3 სართულიანი შატო (ციხე-სიმაგრე), სადაც ცხოვრობდნენ ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, აკაკი ჩხენკელი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვა გამოჩენილი ქართველები.

ლევილის მამულში ინახებოდა საქართველოდან 1921 წელს გატანილი განძეულობის ნაწილი, მათ შორის ბორჯომის და ლიკანის სასახლეებიდან წაღებული უძველესი სურათები, რომლებიც ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

2011 წლის 23 მაისს საზეიმოდ მოეწერა ხელი მემორანდუმს "ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის შესახებ". ოფიციალური თბილისისთვის ქონების საბოლოოდ გადმოსაცემი პროცედურები კი ახლა დაიწყება.

ჯერ ჩატარდება სადიაგნოსტიკო სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მთავრობა აფინანსებს და ფრანგი არქიტექტორი, რიშარ საბატიე წარმართავს. სადიაგნოსტიკო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ლევილის შატოს მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცედურები დაიწყება.

2011 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობა ვალდებულებას იღებს, რომ ლევილი, როგორც კულტურულ-ისტორიული ცენტრი უფრო მეტად განავითაროს. საფრანგეთის ქართული მიწა ხელმისაწვდომი იქნება სტუდენტების, მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის. ამავე ტერიტორიაზე იქნება ბიბლიოთეკა, არქივი და მუზეუმი, რომელიც მომავალ თაობებს 1918-1921 წლების პირველი რესპუბლიკის ისტორიას გააცნობს.