1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალების გამოფენა

ეროვნულ გალერეაში 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალების გამოფენა - "საქართველოს პირველი რესპუბლიკა" გაიხსნა. გამოფენა ეროვნული არქივის დაარსებიდან 95 წლის იუბილეს ეძღვნება. 

გამოფენაზე წარმოდგენილია დამოუკიდებლობის ისტორიის ამსახველი ფოტოები, დოკუმენტების დედნები და ფოტორეპროდუქციები, რომლებიც ეროვნულ არქივშია დაცული. ეს მასალა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სახელმწიფო ატრიბუტიკა, პირველი არჩევნები, საქართველოს დამფუძნებელი კრება და საკანონმდებლო საქმიანობა; სახელმწიფო და ეკლესია; საგარეო ურთიერთობები; შეიარაღებული ძალები; საზოგადოებრივი ცხოვრება; დამოუკიდებლობის დაკარგვა და ა.შ.; 

გამოფენაზე წარმოდგენილი საარქივო მასალების ნაწილი ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. მათ შორის ერთა ლიგაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის არქივიც, რომლის ციფრული ვერსიის ჩამოტანა ჟენევის გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკიდან 2015 წელს მოხერხდა.


საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ გამოფენას საქართველოს ეროვნული გალერეა 31 ოქტომბრამდე უმასპინძლებს, ნოემბერში კი ის რეგიონებში გადაინაცვლებს. გამოფენას ბათუმისა და ქუთაისის დამთვალიერებელიც ნახავს.

გამოფენები "თიბისი ბანკის" ორგანიზებითა და მხარდაჭერით კეთდება.