ძველ თბილისში საფეხმავლო ტურის მანიშნებლები მონტაჟდება

ძველ თბილისში საფეხმავლო ტურის მანიშნებლების მონტაჟი მიმდინარეობს. ძველი თბილისის საფეხმავლო ტურის სიგრძე 5800 მეტრია, მანიშნებლებს შორის დაშორება კი 4-დან 5 მეტრამდე იქნება. ჯამში, ძველ თბილისში 1300 მანიშნებელი დამონტაჟდება.

პროექტის მიზანია, ახალ ტურისტულ მარშრუტზე მანიშნებლების განთავსება, რომელიც დედაქალაქის სტუმრებს საშუალებას მისცემს, ქალაქის ღირსშესანიშნაობები მაქსიმალურად მოკლე დროში დაათვალიერონ. თბილისის საფეხმავლო ტურის მანიშნებელების მონტაჟი კონკას მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.

პირველ ეტაპზე, თბილისის ლოგოტიპი ძირითად მარშრუტზე მონტაჟდება და თბილისობისთვის დასრულდება. მეორე ეტაპის სამუშაოები კი ლოგოტიპის ყველა ძირითად ისტორიულ და კულტურულ ობიექტზე განთავსებას ითვალისწინებს.

თბილისის საფეხმავლო ტურის ხანგრძლივობა 3-4 საათია. ტურის პროგრამაში გათვალისწინებულია როგორც დედაქალაქის ძველი უბნების, ისე ძეგლებისა და ტაძრების დათვალიერება. ტური იდეალურია უცხოელი სტუმრებისათვის უმოკლესი დროის მონაკვეთში დედაქალაქის გასაცნობად და მისი ძირითადი ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად.