ბავშვთა პირველი ჰოსპისი საქართველოში

2016 წლის ბოლოს საქართველოში ბავშვთა ჰოსპისი გაიხსნება. ეს იქნება პირველი დაწესებულება, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ.

ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებისათვის შინ ზრუნვის სამსახური ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველოს" ინიციატივით და ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ხელშეწყობით საქართველოში უკვე ფუნქციონირებს და თბილისის მასშტაბით 15 ბავშვს და მათ მშობლებს სრულიად უანგაროდ ეხმარება. 

ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს განუკურნებელი და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას. პალიატიური მზრუნველობა მოიცავს, როგორც დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებას, ასევე ბავშვისა და ოჯახისათვის ფსიქოლოგიური და სულიერი მხარდაჭერის გაწევას.

პალიატიური მზრუნველობის საჭიროება მაშინ დგება, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ დაავადებებთან, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება. ბავშვებში, ასეთი დაავადებებია კიბოს ბოლო სტადია, დიაბეტი, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები, ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმები და სხვა. მოზრდილებისგან განსხვავებით, პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებს სხვა ტიპის მიდგომა სჭირდებათ.

პროექტის ინიციატორი ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველოა", რომელსაც ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი", საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და ინდივიდუალური დონორები აფინანსებენ.