Ryanair ევროპასა და ამერიკას შორის 14 ევროიან ფრენებს შეასრულებს

დაბალი ფასებით ცნობილი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair მალე წარმოუდგენლად იაფ ტრანსატლანტიკურ ფრენებს შეასრულებს.

გასულ კვირას ავიახაზის წარმომადგენლებმა ხუთწლიანი გეგმა წარადგინეს, რომლის ფარგლებში 14 ევროპულ და ამერიკულ ქალაქს შორის იგეგმება ფრენების დანიშვნა. ერთი მიმართულებით ფრენის ფასი 14 ევროდან (დაახლოებით 33 ლარი) დაიწყება. ფასში მხოლოდ ბილეთის ღირებულება შედის და ბარგის და სხვადასხვა მომსახურების შეძენისას აიწევს.

ფრენები შესრულდება ნიუ იორკის, ბოსტონის, ჩიკაგოს და მაიამის, ლონდონის, დუბლინის და ბერლინის მიმართულებით.

„ევროპელ მომხმარებლებს ამერიკაში სამოგზაუროდ უფრო დაბალი ფასები უნდათ, ასეთივე სურვილი აქვთ ევროპაში ჩამომსვლელ ამერიკელებს,“ ნათქვამია განცხადებაში. „მივიჩნევთ, რომ ეს ავიაკომპანიის ლოგიკური განვითარებაა ევროპულ ბაზარზე.“

ავიახაზისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ხანგრძლივი ფრენებისთვის თვითმფრინავების მომზადებაა. Ryanair-ის ამჟამად მხოლოდ ბოინგ 737–800–ს ფლობს, რომელიც ტრანსატლანტიკური ფრენებისთვის არ გამოდგება. ავიახაზებმა  უკვე დაიწყო მოლაპარაკებები თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანიებთან.

ბოლო წლებში რამდენიმე ავიაკომპანიამ სცადა იაფი ტრანსატლანტიკური ფრენების დანიშვნა, თუმცა მათი მცდელობა კრახით დასრულდა.

„ჩვენ ბოლო 12 თვის განმავლობაში ვაკვირდებოდებთ და ვსწავლობდით სხვა ავიაკომპანიების საქმიანობას, რათა უკეთესი წარმოდგენა გვქონოდა ბაზრის შესახებ და სამოქმედო გეგმა შეგვემუშავებინა.“ განაცხადა Ryanair–ის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა კენი ჯეკობსმა.

კომპანიამ ორშაბათს გაასაჯაროვა ზამთრის ახალი განრიგიც, რომლის მიხედვითაც ევროპაში 1600 მიმართულებით შეასრულებს ფრენას.