ნიდერლანდებში ცხოველების ცირკში მონაწილეობა აიკრძალა

ნიდერლანდებში ლომებს, დათვებს, სპილოებს და ჟირაფებს აღარ მოუწევთ ვიწრო გალიებით ქალაქებში ხანგრძლივი მოგზაურობა ადამიანების გასახალისებლად, რადგან ქვეყანაში გარეული ცხოველების საცირკო სანახაობაში მონაწილეობა აკრძალეს.

ოფიციალური გადაწყვეტილება ძალაში 15 სექტემბერს შევიდა. 

ველური ბუნების შვილებს ტყვეობაში ყოფნა უწევდათ, იმისთვის, რომ გლამურულად მოკაზმულები არენაზე წარმდგარიყვნენ. ცირკში მონაწილე ცხოველების გაწვრთნა-დატრენინგება მათი დაშინების ტექნიკაზეა დაფუძნებული. ცხოველი გამუდმებული სტრესის ქვეშაა, როდესაც უამრავი ადამიანის წინაშე მწვრთნელის ბრძანებებს ასრულებს.

Wilde Dieren de Tent Uit ჰოლანდიის ტერიტორიაზე მცხოვრები ცხოველების დაცვის ორგანიზაციაა, რომელიც ბოლო 9 წლის განმავლობაში მუშაობდა, რომ ცირკში ცხოველების მონაწილეობა აეკრძალათ. ასოციაცია ქვეყნის მასშტაბით არსებულ ცირკებს ცხოველებისთვის ახალ, სახეობებისთვის შესაფერის საცხოვრებელს სთავაზობს.