ბიომეტრული პასპორტის აღება ერთი თვით გაიაფდა

21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს პასპორტი 100 ლარის ნაცვლად 70 ლარი ეღირება. აქციით სარგებლობა 18 წელს მიღწეულ, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია. 10 წლიანი მოქმედების ვადის მქონე ბიომეტრული პასპორტის აღება განაცხადის დაწერიდან მეათე სამუშაო დღეს იქნება შესაძლებელი.

პასპორტის მისაღებად მოქალაქეს განაცხადის ჩაბარება შეუძლია იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ექსპრესს საზოგადოებრივ ცენტრებში. პასპორტისათვის საჭირო ბიომეტრიული ფოტოსურათის ღირებულება შეადგენს 3 ლარს.

აღსანიშნავია, რომ აქციის პირობებით სარგებლობის შემთხვევაში, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გარდა, მოქალაქეს გაუუქმდება ადრე გაცემული ყველა სხვა მოქმედი პასპორტი. შეღავათი არ ვრცელდება მეორე და მომდევნო აქტიური პასპორტის გაცემაზეც, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტის საფასური 50 ლარს შეადგენს. 

მიმდინარე აქციის პირობები არ გავრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად ისედაც სარგებლობენ კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით. ასეთ კატეგორიას განეკუთვნებიან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთათვისაც პასპორტი გაიცემა უფასოდ. ასევე აღნიშნულ კატეგორიას განეკუთვნებიან და პასპორტის ღირებულება შეადგენს 50 ლარს: ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა (თუ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია) და არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქეებისთვის.