სირიელი ლტოლვილი ესპანეთის ფეხბურთის აკადემიამ მიიწვია

ოსამა აბდულ მოჰსენი თავის შვილთან ერთად უკვე მადრიდშია, სადაც მას ბინა, უსაფრთხოება და სრულფასოვანი გარემო ელოდება.

ოსამა სირიის საფეხბურთო პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გუნდის al-Fotuwa SC-ის მწვრთნელი იყო, თუმცა ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ ის მიგრანტად აქცია. ლტოლვილი სირიიდან მსოფლიომ მაშინ გაიცნო, როდესაც უნგრელმა კორესპონდენტმა მას საზღვრის გადაკვეთის დროს ფეხი დაუდო და წააქცია.

ესპანურმა ფეხბურთის აკადემიამ ოსამას მადრიდში ცხოვრების თავიდან დაწყება შესთავაზა. 16 სექტემბერს ყოფილ მწვრთნელს ჯერ ბარსელონაში მიესალმნენ, რამდენიმე საათის წინ კი, ოსამა შვილთან მადრიდში ჩავიდა. "პირველ რიგში უმთავრესია ის დასახლდეს და თავი კარგად იგრძნოს" - ამბობს ესპანელი ყოფილი მსაჯი ხოსე პედრაზა.

ესპანეთის ფეხბურთის აკადემიას სურს, რომ ოსამას შესაფერისი სამსახური უპოვოს, ამისთვის კი მას ჯერ ესპანური ენის სწავლა სჭირდება. აკადემია მიგრანტს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადშიც დაეხმარება.

გასულ კვირას ესპანეთმა ოფიციალურად ამცნო მსოფლიოს რომ 17,680 ლტოლვილს მიიღებდა.