თბილისში აქცია "დავასუფთაოთ საქართველო" ჩატარდება

საქართველოში სოციალურად აქტიური საზოგადოების შექმნა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება მწვანეთა მოძრაობის მიზნების ჩამონათვალში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხებია.

აღნიშნული არასამთავრობო და არაკომერციული მოძრაობა საერთაშორისო ორგანიზაცია "დედამიწის მეგობრების" სრულუფლებიანი წევრი და საქართველოში მისი წარმომადგენელია. მწვანეთა მოძრაობა დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას – "დავასუფთაოთ მსოფლიოს" უკვე მეექვსედ უერთდება.

კამპანია 13 ქვეყანაში ყოველწლიურად, სექტემბერში იმართება, ჩვენთან კი ის 2010 წლიდან ტარდება. მისი მოწოდებაა "ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პლანეტა, ჩვენი პასუხისმგებლობა."

აქცია 18 სექტემბერს დაიწყება და 3 დღით გაგრძელდება. პირველ დღეს მწვანეთა მოძრაობამ დასასუფთავებლად ახალი იპოდრომის უკანა ტერიტორია შეარჩია.

მოხალისეები მწვანეთა მოძრაობას 18 სექტემბერს დილის 7 საათიდან  შეგიძლიათ შეუერთდეთ. აქციის მონაწილეები სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან. მოძრაობა მათ ტრანსპორტირებას ადგილზე მყოფი ავტობუსებით უზრუნველყოფს. თითოეული მოხალისე ხელთათმანებით და პარკებით აღიჭურვება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ აქციის ფეისბუქის გვერდს.