მოსულში ჯიჰადისტების განადგურებული არტეფაქტები ასლები აღმოჩნდა

ერაყის სიძველეთა ეროვნული დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, ისლამური სახელმწიფოს ჯიჰადისტების მიერ გავრცელებულ კადრებში განადგურებული მონუმენტები ორიგინალები არ არის და მხოლოდ კულტურული საგანძურის ასლებს წარმოადგენს.

"ვიდეოში განადგურებული არცერთი ხელოვნების ნიმუში ორიგინალი არ არის," განაცხადა ფაუზი ალ მაჰდიმ გერმანელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბაღდადის მუზეუმის თანამშრომლებმა ჩანაწერი შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ვიდეოში დაფიქსირებული არტეფაქტების ორიგინალები სინამდვილეში მათსავე მუზეუმშია დაცული. დანარჩენი ორიგინალები კი მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებშია მოთავსებული.

გასულ თვეს გავრცელებულმა ვიდეომ მსოფლიო შეძრა. ფირზე აღბეჭდილი იყო, როგორ ანადგურებს ერაყის ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფება უძველეს ქანდაკებებსა და არტეფაქტებს.

"ეს ქანდაკებები და კერპები მილიარდები ღირს, მაგრამ ჩვენთვის არაფერს ნიშნავს," ამბობენ ჯიჰადისტები ვიდეოში.

არქეოლოგებმა ჩანაწერის გამოჩენისთანავე გამოთქვეს ეჭვები არტეფაქტების ავთენტურობაზე.

"ქანდაკებების შიგნით რკინის ძელები იყო, რომლებიც ორიგინალ ნიმუშებში არ არის," განაცხადა ლონდონის არქოლოგოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა მარკ ალტაუილმა.

მოსულის ყოფილმა გუბერნატორმა განაცხადა, რომ მართლაც, ყველა განადგურებული არტეფაქტი, გარდა ორისა, ნამდვილად ასლები იყო.