95 წლის მამაკაცმა სპრინტში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

95 წლის შვეიცარიელმა ჩარლზ ოგსტერმა, მოკლე მანძილზე გარბენში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან წინა რეკორდსმენის შედეგი 2,4 წამით გააუმჯობესა. ჩარლზის თქმით, მისი წარმატების საიდუმლო პენსიაზე გასვლაზე უარის თქმა. კულტურიზმი და აქტიური ცხოვრების წესია. 

ოგსტერი ახალგაზრდობაში ნიჩბოსნობით, სირბილითა და კულტურიზმით იყო დაკავებული. ბოდიბილდინგით სერიოზულად მხოლოდ 87 წლის ასაკში დაკავდა, როცა სარკეში თავისი გამოსახულება აღარ მოეწონა. 

"იმედი მქონდა, რომ სპორტის ეს სახეობა დაბერებისგან დამიცავდა."

ამჟამად ვარჯიში ჩარლისთვის მხოლოდ ახალგაზრდობის შესანარჩუნებელი ფორმულა კი არ არის, არამედ – ჯანმრთელობის საიდუმლოც.

ჩარლზმა სირბილი 90 წლის ასაკში დაიწყო და მიუხედავად ასაკისა, სპორტის ამ სახეობაში საოცარ წარმატებებს მიაღწია.

ოგსტერი დანანებით ამბობს: "ადამიანებს არწმუნებენ, რომ მათი ცხოვრება 65 წლის შემდეგ დამთავრებულია და ამ ასაკიდან მხოლოდ უარესობისკენ მივექანებით. გვეუბნებიან, რომ მუშაობა უნდა შევწყვიტოთ, გულზე ხელი დავიკრიფოთ და სიკვდილს დაველოდოთ." მოხუცი დასძენს: "მე ამას არ ვეთანხმები."

პენსიაზე გასვლა, ნამდვილი "კატასტროფაა ჯანმრთელობისთვის." მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანია ხანდაზმულ ასაკში ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ნომერი პირველია მუშაობა, მეორედ მოდის კვება და მესამე ადგილზეა ვარჯიში." მამაკაცი ამბობს, რომ მისთვის ხანშიშესული მომუშავე ადამიანის ეტალონი ინგლისის დედოფალია. 

ჩარლზის მაგალითი ადასტურებს, რომ ფიზიკური ჯანმრთელობის აღდგენა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. 

"მე მინდა სამყარო შევცვალო", ამბობს ოგსტერი. "მინდა მოხუცებულობა ცხოვრების შესანიშნავ, გასაოცარ, დიდებულ, საინტერესო, აღფრთოვანების მომგვრელ ნაწილად ვაქციო."