ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი მეათედ იმართება

წელს ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი მეათედ იმართება. ის 13 სექტემბერს ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრში გაიხსნება და 20 სექტემბერს ბენზეში მდებარე მუსიკალურ ცენტრში დაიხურება. 

ღონისძიებაზე მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სამი საკონკურსო სექცია იქნება, რომლებსაც ხუთ-ხუთ კაციანი ჟიური შეაფასებს. ფესტივალის ფარგლებში 30 ქვეყნის 40 სრულმეტრაჟიანი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება ნაჩვენები.

ფილმების ძირითადი ნაწილი ნაჩვენები იქნება კინოთეატრ „აპოლოში“, მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია კი - სასტუმრო „დივანში“, საკონფერენციო დარბაზში და ასევე, აუცილებლად იქნება კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ, რაც უკვე მესამე წელია კეთდება კინოფესტივალის ფარგლებში.

წელს ბათუმს ცნობილი გერმანელი მსახიობი ნასტასია კინსკი ეწვევა. მას კინოფესტივალი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის პრიზს გადასცემს. ნასტასია კინსკი ბათუმში 14 სექტემბერს ვენეციიდან ჩამოვა, სადაც ის წელს ვენეციის კინოფესტივალის სახე იყო. 

გარდა ამისა, ფესტივალზე წელს 80-მდე სტუმარს ელოდებიან, მათ შორის: ლანა ღოღობერიძეს, ოთარ იოსელიანს, მერაბ ნინიძეს, ბაადურ წულაძეს, მაია კომაროვსკას და სხვა უცხოელ და ქართველ სტუმრებს.