დღეს ლიტერატურული პრემია "საბას" დაჯილდოება გაიმართება

ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-13 დაჯილდოება დღეს, 7 სექტემბერს, მცხეთის რაიონში, სოფელ მუხრანში, ივანე მუხრანბატონის ისტორიულ სასახლეში გაიმართება. 

წლევანდელ კონკურსზე წარდგენილი იყო სხვადასხვა ავტორის 315 წიგნი. ჟიურიმ 46 მათგანი ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად შეარჩია, საიდანაც "საბას" დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე 10 ნომინაციაში გამარჯვებული წიგნების და ავტორების ვინაობა გახდება ცნობილი. ისინი "თიბისი ბანკისაგან" "საბას" პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ.

ცერემონიაზე ასევე ცნობილი გახდება "საბას" ჟიურის ვინაობა, რომელიც კონკურსის მსვლელობისას, ტრადიციულად, გასაიდუმლოვებულია. 5-კაციანი ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება და მის შემადგენლობაში ლიტერატორები, მწერლები, "საბას" წინა წლების ლაურეატები შედიან.

"საბას" დაჯილდოების ცერემონია ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვატო კახიძის ხელმძღვანელობით. სპეციალურ მუსიკალურ პროგრამაში ცნობილი სოლისტები მიიღებენ მონაწილეობას.

ლიტერატურული პრემია "საბა" 2003 წელს "თიბისი ბანკისა" და პენ ცენტრის მიერ დაფუძნდა. დღემდე გამართულ 12 დაჯილდოებაზე გაიცა 105 პრემია, ჯამში 400 ათასი ლარის ოდენობით. "საბას" პრემიის ლაურეატები სხვადასხვა წლებში გახდნენ ჭაბუა ამირეჯიბი, ანა კალანდაძე, ვახუშტი კოტეტიშვილი, გურამ დოჩანაშვილი და სხვა.