მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში თსუ საგრძნობლად დაწინაურდა

Consejo Superior de Investigaciones Cientificas (CSIC) მთელს ევროპაში სიდიდით მესამე ესპანური საჯარო დაწესებულებაა, რომელიც სხვადასხვა საკითხებზე კვლევებს ატარებს.

CSIC მხოლოდ ესპანეთის მასშტაბით 126 ცენტრს და ინსტიტუტს აერთიანებს. Cybernetrics Lab-მა, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის ლაბორატორიაა, ჩაატარა კვლევა, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 24 ათასამდე, მათ შორის საქართველოს 64 უნივერსიტეტი იღებდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოქვეყნდა საუკეთესო უნივერსიტეტების ახალი სია, რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საგრძნობლად აიმაღლა რეიტინგი. იმის გარდა, რომ თსუ-მ კავკასიის რეგიონში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა, მან მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში 2006-ე ადგილიდან 830-ეზე, ხოლო ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში 714-დან 349-ზე გადაინაცვლა. ახალი რეიტინგი შეგიძლიათ იხილოთ webometrics.info-ს ვებ. გვერდზე.

ვებომეტრიქსი წელიწადში ორჯერ აქვეყნებს მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგს. ეს რეიტინგი ითვალისწინებს გლობალურ ქსელში არსებულ არა მარტო ფორმალურ (ელექტრონული ჟურნალები, საცავები), არამედ არაფორმალურ სამეცნიერო კომუნიკაციასაც. 2015 წლის მარტის მონაცემებით, თსუ კავკასიაში #1 უნივერსიტეტად დასახელდა და 23 887 უნივერსიტეტის რეიტინგში 2006 ადგილი დაიკავა. ამ მონაცემებით მან გაუსწრო წინა წლების ლიდერს ილიაუნის.

tsu.ge-ს ინფორმაციით, 2015 წლის მარტის მონაცემებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რანჟირებისას, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) და მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვებ. გვერდებზე არსებული მაჩვენებლები გათვალისწინებული არ იყო. ამ ხარვეზის გასწორების შემდეგ, თსუ-ს მაჩვენებელი გაუმჯობესდა.

მსოფლიო უნივერსიტეტებში ამერიკის უმაღლესი სასწავლებლები კვლავ უპირობო ლიდერობას ინარჩუნებენ. გაზაფხულის მონაცემების შემდეგ, უცვლელია მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის პირველი ხუთეული:

  1. ჰარვარდის უნივერსიტეტი;
  2. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი;
  3. სტენფორდის უნივერსიტეტი;
  4. კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტი;
  5. კორნელის უნივერსიტეტი.

ევროპის უნივერსიტეტებში საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  1. ოქსფორდის უნივერსიტეტი;
  2. კემბრიჯის უნივერსიტეტი;
  3. ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტი;
  4. ლონდონის უნივერსიტეტი;
  5. ედინბურგის უნივერსიტეტი.