"მოსიარულე ბიბლიოთეკამ" სვანეთისკენ აიღო გეზი

პროექტის "წიგნი ყველა სოფელს" მეორე ეტაპი დაიწყო. დღეს "მოსიარულე ბიბლიოთეკა" (სპეციალური ავტობუსი) მესტიას ეწვევა. ზემო სვანეთის სოფლების სკოლების 17 ბიბლიოთეკაში ამიერიდან მკითხველს ახალი საინტერესო წიგნები დახვდება. 

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში წიგნების დიდი მარაგი უკვე დაურიგდა რაჭის სკოლებს.

პროექტის ფარგლებში 25 ივლისიდან მიმდინარეობს წიგნების შეგროვების პროცესი მთელი თბილისის მასშტაბით. ,,მოსიარულე ბიბლიოთეკა" საქართველოს დიდ ქალაქებში გაჩერდება და ადგილობრივ მოსახლეობასაც მისცემს საშუალებას გააჩუქონ წიგნები და ჩაერთონ საგანმანათლებლო პროექტში. 

თბილისში წიგნის შესაგროვებელი სპეციალური ყუთები განთავსებულია „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“, ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის“, და “დანქინ დონატსის” რესტორნებში. ასევე, ყუთები განთავსებულია შემდეგ ტაძრებში: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

"წიგნი ყველა სოფელს" გრძელვადიანი პროექტია და მაღალმთიანი სოფლების მწირი სასკოლო ბიბლიოთეკების წიგნის ფონდის გამდიდრებას ისახავს მიზნად. მოსახლეობის აქტიურობიდან გამომდინარე, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და სხვა რეგიონების ბიბლიოთეკებსაც მოამარაგებს წიგნებით.