მსოფლიოს ყველაზე პოპულარული გორილა სიტყვების წარმოთქმას სწავლობს

44 წლის გორილა კოკო, გამორჩეულია ადამიანებთან თავისი ურთიერთობებით. თავის მეპატრონეებს ის ნიშნების ენით ესაუბრება.

პოპულარული პრიმატი საზოგადოების ყურადღების ქვეშ კიდევ ერთხელ მოექცა, მას შემდეგ, რაც საუბრის ახალი ნიშნები გამოავლინა.

"კოკომ განივითარა ვოკალური და სუნთქვითი ქცევები, რომლებიც მას ლაპარაკის შესაძლებლობამდე მიიყვანს. ეს ამ სახეობაში წარმოუდგენელი გვეგონა" - გადმოსცა Daily Reports-მა. მოვლენათა ამგვარი განვითარება, ადამიანებს და მის "ბიძაშვილ" სახეობებს შორის არსებული განსხვავების ზოლს კიდევ უფრო ამკრთალებს.

მეცნიერებს, მათ შორის პრიმატოლოგისტებსაც, სწამდათ, რომ ვერბალური ენის განვითარება მხოლოდ ადამიანის განვითარების საფეხურზე მყოფი არსების პრივილეგია შეიძლებოდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, კოკო მეცნიერული თეორიების ზღვარს გასცდა.

მარკუს პერლმანი ვისკონსინის უნივერსიტეტის მეცნიერია და 2011 წლიდან ქალბატონი კოკოს გარემოცვაში ტრიალებს. ის მიიჩნევს, რომ კოკო სხვა პრიმატებთან შედარებით, რამე განსაკუთრებული ნიჭის მფლობელი არაა. გორილას, რომელიც ლაპარაკს სწავლობს, უბრალოდ უკეთესი ხელშეწყობა და გარემო პირობები აქვს, ვიდრე სხვებს.

"როდესაც მარტო დარჩენილი კოკოს ვიდეოებს ვუყურებდი და მის ჟესტებს და მიმიკებს ვაკვირდებოდი, აღმოვაჩინე, რომ ის უბრალოდ ხმებს კი არ გამოსცემდა, არამედ ცდილობდა სიტყვების შექმნას. ეს იყო დასწავლილი ქცევა და არა უბრალოდ გორილასთვის დამახასიათებელი რეპერტუარი" - ამბობს მარკუსი.

ჩვენს უამრავ კითხვაზე კი პასუხი ერთია - თუ მეტყველების უნარი არსებას პიროვნებად აქცევს, მაშინ კოკო მალე ერთ-ერთი ჩვენგანი გახდება.