ფსიქოლოგების დასკვნით, სრულიად ნორმალურია მთელი დანაზოგის მოგზაურობაში დახარჯვა

იმაში, რაშიც დიდი ხანია ვარწმუნებთ ჩვენს მშობლებს, მეცნიერები მხარს გვიჭერენ. ახალი შეფასების მიხედვით, სავსებით გონივრულია მთელი დანაზოგის მოგზაურობაში დახარჯვა.

ნიუ-იორკში, კორნელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა დაასრულეს კვლევა, რომლის მიხედვითაც ბედნიერებას ახალ-ახალი გამოცდილებები უფრო გვანიჭებენ, ვიდრე ნივთები.

20 წლიან კვლევას დოქტორი ტომას გილოვიჩი უძღვებოდა. მისი თქმით, მთავარი განმასხვავებელი ნიშანი გამოცდილების ღირებულებას და ნივთების შეძენას შორის - ადაპტაციაა.

"ჩვენ ვყიდულობთ ნივთებს, რომლებმაც ბედნიერება და წარმატება უნდა მოგვანიჭონ, თავდაპირველად ამ სიახლეებს აღტაცებაში მოვყავართ, მოგვიანებით კი - ჩვენ მათ ვეგუებით" - ამბობს მეცნიერი და საზოგადოებას მოუწოდებს, უკანასკნელი მოდელის ტელევიზორისთვის შეგროვებული ფულით სამოგზაუროდ წავიდნენ.

და მართლაც, გაიხსენეთ თქვენი შეძენილი ნივთები და შემდეგ ადგილები, სადაც გიმოგზაურიათ. რომელ მათგანთან გაკავშირებთ მეტი მოგონება? რომ დავფიქრდეთ, შეიძლება ვერც მოვიგონოთ სადაა 5 წლის წინ შეძენილი ახალი, საამაყო მობილური, როდესაც მოგზაურობიდან გამოყოლილი ემოციები დღემდე სასიამოვნოდ გვახსენდება. დადებითი გამოცდილებები ჩვენს პიროვნებას ქმნიან.

"შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ გაქვთ ნივთი, რომელიც თქვენს იდენტურობასთან მჭიდრო კავშირშია, მაგრამ ამის მიუხედავად ის თქვენგან მუდამ გარეთ იმყოფება. დადებით გამოცდილებებს კი, მოგონებების სახით, მუდამ თან ვატარებთ, ჩვენ ჩვენი გამოცდილებების ერთიანობა ვართ".