Humans Of New York-მა პაკისტანში იძულებით მომუშავე ადამიანების გასათავისუფლებლად $2 მლნ მოიზიდა

Humans of New York (HONY) წარმოადგენს ფოტობლოგს და ბესტსელერ წიგნს, რომელშიც ნიუ-იორკში მცხოვრებ ადამიანების პორტრეტები და ინტერვიუებია წარმოდგენილი. პროექტი 2010 წლის ნოემბერში ფოტოგრაფმა ბრენდონ სთენტონმა დაიწყო და დღემდე მის კოლექციაში 6 ათასზე მეტი ფოტო-ინტერვიუ შეგროვდა.

ამ ზაფხულს, როგორც შარშან, HONY ნიუ-იორკის ფარგლებს გასცდა და სხვა ქალაქების მაცხოვრებლების ყოველდღიურობაზე მოგვიყვა.

წელს ბრენდონმა მოგზაურობა პაკისტანიდან დაიწყო, სადაც ფოტოჟურნალისტი 21 საუკუნეში არსებული მონობის მომსწრე გახდა. ის შეხვდა ცნობილ აქტივისტს სიდამ გულა ფატიმას, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ მომუშავე ადამიანების გათავისუფლებისთვის იბრძვის.

სიდამ გულა ფატიმა

ფატიმას არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს და პაკისტანელი მუშების და სხვა მოქალაქეების უფლებებისთვის იბრძვის. თავისი საქმიანობის გამო ის ტყვიის მსხვერპლი გახდა, რამდენჯერმე ცემეს და მუდმივად ემუქრებიან ელექტროსკამით, თუმცა მამაცი ქალი, რომელსაც ბრენდონი თანამედროვე ჰარიეტ ტაბმენს (მონობის წინააღმდეგ მებრძოლი ქალი) უწოდებს, დანებებას არ აპირებს.

ბრძოლა მონობის წინააღმდეგ პაკისტანში არსებულ 20 ათასამდე აგურის ქარხანას ეხება, სადაც მილიონობით მოქალაქე იძულებითაა დასაქმებული. სისტემა შეუბრალებელია დასაქმებულის მიმართ - თუ მუშას სამუშაოს დატოვება სურს, მას თავისუფლების ყიდვა გამომუშავებულზე 10-ჯერ მეტი უჯდება. ადამიანებს მუშაობის პარალელურად ქარხნების მიმართ ვალი ყოველდღიურად ეზრდებათ, რომელიც მათი სიკვდილის შემთხვევაში მემკვიდრეობით გადადის მათ შვილებზე.

სწორედ ამ ადამიანების გამოსყიდვა სურს ფატიმას. ამ ადამიანებზე ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ, Humans Of New York-ის მილიონობით მკითხველმა მათი დახმარების სურვილი გამოთქვა. საპასუხოდ ბრენდონმა შემოწირულობების საიტზე განათავსა პროექტი სახელწოდებით "ერთად დავეხმაროთ ფატიმას სავალდებულო მუშაობის დამარცხებაში".

6 დღის განმავლობაში პროექტმა 2 მილიონზე მეტი მოიზიდა. ქველმოქმედება გრძელდება, Humans Of New York-ის ფოტოგრაფი ფეისბუქის გვერდზე ადგილობრივებისგან უამრავ სამადლობელ წერილს იღებს დახმარებისთვის და იმისთვის, რომ მსოფლიოს აჩვენა, რომ ნეგატიურის გვერდით პაკისტანში უამრავი ადამიანია, რომელიც სიმართლისთვის, თავისუფლებისთვის და ბედნიერებისთვის იბრძვის.

ბრენდონმა პაკისტანი უკვე დატოვა. 19 აგვისტოდან ის ირანელი ადამიანების ისტორიებს გვიყვება.

აღსანიშნავია, რომ ბლოგმა Webby Awards-ზე Best Use of Photography-ის (ფოტოგრაფიის საუკეთესო გამოყენება) ტიტული მოიგო, ხოლო People's Voice Award-ზე, იმავე წელს, საუკეთესო კულტურული ბლოგის პრიზი. სტენთონი ჟურნალმა Time-მა იმ 30 ადამიანში მოიხსენია, რომელიც სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის.