წიგნის კითხვის მხარდასაჭერი აქცია რუმინეთის ტრანსპორტში

რუმინელმა Victor Miron-მ წიგნების კითხვის მხარდასაჭერად კამპანია წამოიწყო. მან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ქალაქ კლუჟ-ნაპოკას მერს შესთავაზა იდეა, გაეთავისუფლებინა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადასახადისგან ის ადამიანები, რომლებიც მგზავრობისას წიგნს კითხულობენ.

ვიქტორის მცდელობამ შედეგი გამოიღო. 4-დან 7 ივნისამდე წიგნის მეგობრები ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობდნენ.

ვიქტორი მომავალშიც აპირებს წიგნის მხარდამჭერ აქციებს. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი აქციაა დაგეგმილი. წიგნის მსოფლიო დღეს, 23 აპრილს, ადამიანებს, რომელთაც თან წიგნი ექნებათ, ბოტანიკურ ბაღში უფასოდ შეეძლებათ შესვლა.

ვიქტორის აზრით, სჯობს წავახალისოთ კითხვა მათი დაჯილდოვებით, ვინც კითხულობს, იმის მაგივრად რომ ის ვაკრიტიკოთ, ვინც არ კითხულობს.