მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს! 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა!

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა, რომელსაც უკვე მეოთხე წელია საქართველოც უერთდება. წელს 13 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით თბილისში მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი, ორგანიზატორი კი კავშირი „ჩვენი ბავშვებია“.

"მე ვირჩევ თანასწორობას, დაცულ უფლებებს და ოჯახის თანადგომას" - სწორედ ასე იწყება ღონისძიების აღწერა.

22 მარტის ჩათვლით, თქვენ შეგიძლიათ შეუერთდეთ ფოტო კამპანიას ჰეშთეგებით #ჩვენიბავშვები #WDSD #RockYourSocks #WDSD2015 . ამისათვის საჭიროა გადაიღოთ ფოტო სოლიდარობის სიმბოლოთი - ჭრელი წინდით.

21 მარტს მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. კავკასიის უნივერსიტეტი კი ჭრელი წინდების გამოფენას უმასპინძლებს.

ასევე, 18:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მხარდამჭერი კონცერტი, რომელშიც ვაკის პარკი, ნინა სუბლატი, Goofy Land და ბევრი სხვა ქართველი მომღერალი მიიღებს მონაწილეობას.