კეთილმა მოხუცებმა ბულინგის მსხვერპლი ბავშვებისთვის უსაფრთხო სკოლა გახსნეს

ფრედი და ვივიენ მორგანები

20 ბავშვზე მეტი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში "უსაფრთხო სკოლაში" იღებს განათლებას, რომელიც დიდ ბრიტანეთში კეთილმა მოხუცმა ცოლ-ქმარმა ფრედმა და ვივიენმა დაარსა.

თუმცა არა მხოლოდ დაარსეს - უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, მათ საკუთარი 10 საძინებლიანი სახლი გადააკეთეს კერძო სკოლად და მას Northleigh House School დაარქვეს. სკოლა ინგლისის სოფელ ჰეიტონში მდებარეობს და ბავშვებს განათლების მისაღებად მშვიდ, უსაფრთხო და კეთილგანწყობილ გარემოს სთავაზობს, ამასთან ერთად ცუდი გამოცდილებისგან ფსიქოლოგიურად განკურნებაში ეხმარება.

ბავშვების ნახევარზე მეტი დეპრესიის რთულ ფორმებს ებრძოდა, როდესაც ფრედის და ვივიენის სკოლაში სწავლა დაიწყეს. თითოეულ მათგანს ერთი გამოცდილება - ბულინგი აერთიანებდათ და შინაგანი მდგომარეობის გამო, საჯარო სკოლებში საკუთარი შესაძლებლობის გამოვლინებას ვეღარ ახერხებდნენ.

Northleigh House School-ის ერთ-ერთი სტუდენტი თავის წინა სკოლაში ცნობილი იყო როგორც დაბალი მოსწრების მოსწავლე. არასწორი პასუხების გამო კლასში მის მიმართ დამცინავი რეპლიკები არ წყდებოდა. მან ახალ სკოლაში სასწავლო წლის ბოლოს "straight A" ნიშანი დაიმსახურა, რაც ინგლისის განათლების სისტემაში უმაღლეს შეფასებას გულისხმობს.

"როდესაც ჩვენი მოსწავლეები სკოლიდან გადიან, ისინი ჩვეულებრივ, ბედნიერ, მომღიმარ ყმაწვილებს წარმოადგენენ, ჩვენ მათი მიღწევებით ვამაყობთ" - უთხრა ვივიენმა ტელეგრაფს.

ბავშვები 11-დან 16 წლამდე სკოლაში ინგლისურს, მათემატიკას, მეცნიერებებს და პიანინოზე დაკვრას სწავლობენ. სკოლას 22 თანამშრომელი ჰყავს. მათ შორისაა იტალიელი თერაპევტი. 

მორგანები ბავშვებს სთხოვენ მათთან კავშირი არ გაწყვიტონ და აუცილებლად დაუკავშირდნენ, თუ შინ დაბრუნებისას რაიმე პრობლემა შეექმნებათ.

მოხუც ცოლ-ქმარს სურთ, რომ სკოლამ მათი სიკვდილის შემდეგაც განაგრძოს ფუნქციონირება.