შევუერთდეთ ყიჟინატორებს და ერთად ვუყიჟინოთ ქართველ მორაგბეებს

ძალიან მაგარი მორაგბეები რომ გვყავს, უკვე ცნობილია. ჩვენს სპორტსმენებს კი ასეთივე ენერგიული გულშემატკივრები სჭირდებათ. 

ფეისბუქში ახალი კარგი სოციალური კამპანია გამოჩნდა - "ყიჟინატორები", რომლებიც ქართული რაგბის ნაკრების მხარდასაჭერად უამრავ ადამიანს აერთიანებს.

"ჩვენ ვართ ყიჟინატორების თემი - ბორჯღალოსნების ერთგული გულშემატკივრები და თანამებრძოლები; ჩვენი მიზანია გავამხნევოთ და გულანთებული ყიჟინით მხარი დავუჭიროთ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ყველა საშინაო და საგარეო თამაშზე, განსაკუთრებით კი მსოფლიო თასის დროს. 

ჩვენ გვინდა დავუფასოთ ქართველ მორაგბეებს ის მრავალწლიანი თავდაუზოგავი და უანგარო შრომა, ამოუწურავი ენთუზიაზმი, ქვეყნის თავდადებული სიყვარული და მუხლგადატყავებული გზა, რაც აქამდე გამოიარეს ასფალტიდან მწვანე საფარამდე". წერენ ყიჟინატორები. 

რაგბის რიგით მე-8 მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წლის 18 სექტემბრიდან - 31 ოქტომბრამდე ინგლისში გაიმართება, ჩემპიონატზე საქართველოს რაგბის ნაკრებიც მიემგზავრება. ყიჟინატორების რაზმი საყვირით, ბარაბანით, დროშით და სხვა ეროვნული ატრიბუტიკით "აღჭურვილი" უგულშემატკივრებს ჩვენს მორაგბეებს.

"ბორჯღალოსნების თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც ქართული რაგბის სიყვარულს იზიარებს და მზად არის გახდეს ყიჟინატორი, შეუძლია შემოგვიერთდეს ნებისმიერ ეტაპზე.

შემოგვიერთდი და იყიჟინე ჩვენთან ერთად! ყიჟ!" - ყიჟინატორები.