საქართველოდან მიწოდებული წყალი ურმიის ტბას დაშრობისგან გადაარჩენს

საქართველო და სომხეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მლაშე ტბას დაშრობისგან გადაარჩენენ. ისინი ირანს წყალს ურმიის ტბისთვის მიაწოდებენ. წყალს ირანი ბარტერისა და შესყიდვის გზით მიიღებს. მისი რაოდენობა წამში 60-80 კუბური მეტრი იქნება.

ურმიის ტბა ირანში, თურქეთის საზღვართან, მდებარეობს. ირანის პარლამენტის წევრის Ali Alilu-ს ინფორმაციით, ადგილობრივი მდინარეები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ტბა დაშრობას გადაარჩინოს. ურმიის ტბის წყლის რაოდენობა 36 მილიარდი კუბური მეტრიდან 2 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდა.

თუკი ტბა დაშრება, ის მარილის მტვრის გაჩენას გამოიწვევს, რომელიც მიმოიბნევა 650 კილომეტრ რადიუსში. მტვერი დააზიანებს სასოფლო-სამეურნეო მიწებს, რომლებიც უდაბნოდ გადაიქცევა. ხოლო ადამიანებს სასუნთქ სისტემასა და თვალს დაუავადებს.

ირანის პარლამენტის წევრის Ali Alilu-ს განცხადებით, ურმიის ტბის დაშრობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება ნიშნავს გარემოს, ადამიანების, საქონლის, სოფლის მეურნეობის გადარჩენას ირანის ექვს პროვინციაში.