როგორ ააწყვეს ტანკი ახალი ქართული სერიალისთვის

ტელეკომპანია GDS ახალი ქართულ სერიალს - „ქერჩი - დაკარგული გმირები“ იღებს. სერიალზე იგივე გუნდი მუშაობს, ვინც „ტიფლისი“ გადაიღო. სერიალი ისტორიული დრამაა და მისი მოქმედება 1941 წელს ვითარდება.

საბჭოთა 51-ე არმიის საბრძოლო კატარღებში გადანაწილებული მებრძოლები ყირიმის გასათავისუფლებლად ქერჩის ნახევარკუნძლის ნაპირებს მიუახლოვდნენ. ფაშისტურმა დანაყოფებმა თავდაცვითი ხაზი გაამაგრეს და საცეცხლე პოზიციები დაიკავეს. რაც შემდგომ მოხდა, ტრაგედიაც არის და გამარჯვების ისტორიაც.

სერიალის გადაღებისთვის თავდაცვის სამინისტრომ ტელეკომპანია GDS-ს ტროტილი, კაფსულა-დეტონატორები, ელ. დოტონატორები, სადეტონაციო ზონარები, ტყვიამფრქვევები, ვაზნები და შავ დენთი გადასცა. სერიალისთვის საჭირო დეკორაციები GDS-ის სამკერვალოსა და საამქროში იქმნება. GDS-ის გადაცემა „კადრს მიღმა“ გვიამბობს, თუ როგორ ააწყვეს სერიალისთვის ტანკი.

მაკეტი გაკეთდა ტანკი T 34-ის მიხედვით, რომელიც 1939 -1940 წლებში გამოდიოდა. გადაწყდა, რომ ტანკი ვოლგა გაზ 24-ზე აგებულიყო, რადგან მანქანის სიგრძე დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. ვოლგას, იმისათვის რომ მსუბუქი გამხდარიყო, მოხსნეს კარებები და სახურავი. ასე მსახიობს საშუალება მიეცა, ისე ჩასულიყო ტანკში, როგორც რეალურად ხდება. საჭირო იყო ტანკის ბუტაფორიისა და მანქანის წონის ისე დაბალანსება, რომ ტანკს სიარული არ გასჭირვებოდა. 

მხატვარი ბექა სადაღაშვილი გვიყვება: "არ გვქონია იმის ფუფუნება, რომ რეალურად სადმე შევხებოდით ამ ტანკს. ინტერნეტიდან გადმოვიტანეთ ნახაზები, ზომები და ჩვენით დავაპროექტეთ ტანკი და შემდეგ კი ეს ყველაფერი განვახორციელეთ."

ტანკის გასაკეთებლად გამოიყენეს რკინის მჩატე მასალა - მილკვადრატი და სხვადასხვა სისქის ფანერა. შედეგად მიიღეს ტანკი, რომელიც იშლება: თავი სძვრება, გვერდები კი მთლიანად ეხსნება.

დეკორატორ აკაკი ჩინჩალაძის თქმით, ყველაზე რთული იყო ბორბლების გაკეთება, რადგან სიარულის და მანევრირების დროს არ უნდა გაფუჭებულიყო. მუხლუხოების რამდენიმე ვერსია დატესტეს და ყველაზე ოპტიმალურ ვერსიაზე შეჩერდნენ.

ტანკი დიდ ხანს იდგება ტელევიზიის პავილიონების წინ.