საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ეტიკეტზე შემცველობის სრულ ჩამონათვალს იხილავთ

2015 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც მიზნად ისახავს რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

რეგულაციის მიხედვით, სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი და სხვა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე.

თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს რძის შემცველი პროდუქტი, მაგალითად: „კარაქისებრი“ ან „კარაქის მსგავსი“, „არაჟნისებრი“ ან „არაჟნის მსგავსი“.

ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდება ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, ხოლო სურსათის რეალიზაცია აიკრძალება.

ახალი რეგულაციების დანერგვის პროცესის მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.