BBC: ქალაქის საკრებულოს წევრი უფასო ტაქსით ემსახურება მოსახლეობას

BBC-ის ყურადღების ცენტრში ამჯერად გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზურაბ სეფიაშვილი მოხვდა. ის არის ადამიანი, რომელიც კვირაში 4 საათის განმავლობაში მოსახლეობას უფასო ტაქსით ემსახურება.

"მინდა ხალხს დავანახო, რომ მე მათი მსახური ვარ" - ამბობს სეფიაშვილი, რომელიც ლეიბორისტული პარტიის წევრია. მისი ტაქსი სრულიად აპოლიტიკურია და ყველას შეუძლია მგზავრობა, სხვა პარტიის წევრებსაც კი.

ყოველ კვირას, 1-დან საღამოს 5 საათამდე ზურაბ სეფიაშვილი მერსედესის მარკის ტაქსით უფასოდ მოემსახურება მოქალაქეებს, რომლებიც კომფორტულად იმგზავრებენ მუსიკის თანხლებით.

სეფიაშვილი მანამდე თბილისის მოსახლეობას ემსახურებოდა უფასო ტაქსით, თუმცა ახლა ფიქრობს, რომ გურჯაანს უფრო სჭირდება, როგორც დეპუტატი და ქველმოქმედი.

"როდესაც დავინახავ რომ ძალიან გაჭირვებულია ადამიანი და ჩემი მომსახურება საჭირდება, თბილისში კი არა სადამდეც გამიშვებენ, საქართველოს საზღვრებსაც გავაცდენ. მე მინდა დავანახო ხალხს, რომ მე მათი მსახური ვარ,“ - აღნიშნავს ზურაბ სეფიაშვილი.

საკრებულოს წევრს მიმდევარიც გამოუჩნდა. ყოველ კვირას გურჯაანელი ტაქსისტი თანაქალაქელებს სრულიად უფასოდ გადაადგილებას ჰპირდება.

ზურაბ სეფიაშვილის ქველმოქმედება მხოლოდ ტაქსით გადაადგილებას არ ეხება. ის საკრებულოდან მიღებულ ყოველთვიურ შემოსავალზე უარს ამბობს და ყველაზე გაჭირვებულ ოჯახს ურიცხავს.